საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 26-31 აგვისტოს ბათუმი-თბილისის რიგით IX საერთაშორისო ფესტივალი, „ღამის სერენადები“ გაიმართება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ლიანა იასაკაძე და ფესტივალის დირექტორი, ლაშა ბაშარული გაუძღვნენ.
წლევანდელ ფესტივალზე ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარსდგება.
„ამ დღეს მთელი გულით ველოდები და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩატარდება. არ ვღელავ, რადგან სცენაზე გასვლისას არასდროს ვნერვიულობ. კამერულ ორკესტრს დირიჟორობას მე გავუწევ. ამას გარდა, უნიკალური იქნება ისიც, რომ ჩემს ქმართან ერთად უნდა დავუკრა, ის იმღერებს, მე დავუკრავ. თურმე, ჯაზს მეც ვუკრავ, არც ვიცოდი. 2 თუ 3 წლის წინ, ჩემმა მეუღლემ გინდა თუ არა, დაუკარიო და მეც დავიწყე ჯაზის დაკვრა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ლიანა ისაკაძემ.
წელს „ღამის სერენადების“ სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები - ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე.