მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის~ ხელმძღვანელი და ორენოვანი ყოველკვირეული გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის~ დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის. მიმართვის ადრესატები არიან ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია (ბელგია, ბრიუსელი); ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (ბელგია, ბრიუსელი); ჟურნალისტთა საერთაშორისო კონფედერაცია (რუსეთი, მოსკოვი); პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (ავსტრია, ვენა); საერთაშორისო ცენტრი უცხოელი ჟურნალისტებისთვის (ვაშინგტონი, აშშ); მასმედიაში მომუშავე ქალთა საერთაშორისო ფონდი (ვაშინგტონი, აშშ); პრესის მსოფლიო ინსტიტუტი (აშშ); გაზეთების საერთაშორისო ფედერაცია (საფრანგეთი, პარიზი) პრესის თავისუფლების მსოფლიო კომიტეტი (აშშ); პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოება (აშშ); ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი (აშშ, ნიუ-იორკი); რეპორტიორები საზღვრების გარეშე (საფრანგეთი, პარიზი).
"მე, ნანა გაგუა, ჩემს მეუღლესთან, მალხაზ გულაშვილთან ერთად გახლავართ ორენოვანი გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის~ მფლობელი და გამომცემელი. თავად მე კი, ამავდროულად გაზეთის მთავარი რედაქტორიც გახლავართ. ჰოლდინგში სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ინგლისური) საიტიც ფუნქციონირებს. მოგახსენებთ, რომ გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი~ 1993 წლიდან გამოდის. ჩემს გაზეთს მუდმივად, დაარსების დღიდან დღემდე უჭირავს ოპოზიციური ნიშა და ბუნებრივია, ხშირად მოვხვედრივართ სხვადასხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ბატალიის ეპიცენტრში. პოლიტიკა, ანალიზი, პროგნოზი, სოციალური საკითხები, მძაფრი ინტერვიუები, ჟურნალისტური გამოძიება - ეს ძირითადი თემატიკაა, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი~ აშუქებს. გაზეთმა ფუნქციონირება გამსახურდიას შემდგომი პერიოდიდან დაიწყო", _ აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ამ პროცესებს ხშირად თან სდევს შეცდომებიც, რადიკალიზმიც და გაუთვალისწინებელი ნაბიჯებიც. საქართველოს სამთავრობო ეშელონებში აზრთა სხვადასხვაობას ხშირად ეწირება დემოკრატიული პრინციპები, უმთავრესი ღირებულებები, ადამიანური უფლებები.
"ჯორჯიან თაიმსის~ დამფუძნებლებს, მე, ნანა გაგუას და მალხაზ გულაშვილს (თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს მცირეწლოვან ვაჟებსაც კი) წლებია, "ექსტრემალური~ დღის რეჟიმით გვიწევს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჟურნალისტური ოჯახი სრულიად იზიარებს საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აირჩია, პირადად ჩვენ ვრჩებით ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების თაყვანისმცემლებად. ჩემი მეუღლე, მალხაზ გულაშვილი და ჩემი მეთერთმეტეკლასელი ვაჟი დავით გულაშვილი დევნილის სტატუსით რუსეთში იმყოფებიან. საკმაოდ მოღონიერებულმა, გარკვეულმა ანტირეროვნულმა ძალებმა, ჩემს მეუღლეს ბევრი რამ არ "აპატიეს~: მრავალწლიანი ოპოზიციური გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის~ მფლობელობა, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ქვეყნის პრეზიდენტებთანაც კი, განსაკუთრებით, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრა. სცენაზე საჯაროდ რუსეთის პირველ პირთან ხელის ჩამორთმევამ გარკვეულ წრეებში სრული შოკი გამოიწვია და თვეების განმავლობაში ეს ფაქტი სამთავრობო ტელევიზიების სიუჟეტების ტოპნიუსად რჩებოდა. არ აპატიეს ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა, საკუთარი რელიგიური მრწამსისა და ფასეულობების თავგამოდებით დაცვა. მალხაზისკენ მიმართულმა ვექტორებმა ჩემსა და ჩემს მცირეწლოვან შვილებისკენაც გადმოინაცვლა. ხორციელდებოდა მუქარის ზარები, რომელიც დაფიქსირებულია პოლიციაში, ამჟამად მამასთან ერთად დევნილობაში მყოფი დავითი სამჯერ აღმოჩნდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ. ეს ფაქტები რამდენიმეჯერ გავახმოვანეთ კიდეც, თუმცა ამაოდ. იყო პერიოდი, "ჯორჯიან თაიმსი~ პროტესტის ნიშნად გაჩერდა კიდეც და ერთთვიანი "მდუმარე აქცია~ გამოაცხადა", _ აღნიშნულია მიმართვაში.
გაგუა აღნიშნავს, რომ ამას თან ერთვოდა ე. წ. "სამთავრობო~ ტელეარხების მხრიდან მუდმივი ცილისმწამება, ღირსებისა და პატივისცემის შემლახველი სიუჟეტები. ინტენსიურად "მუშაობდა~ პოპულარული Fაცებოოკ-ი.
მისი განცხადებით, გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი~ დღიდან დაარსებისა არსებობს მხოლოდ ტირაჟისა და რეკლამის შემოსავლებით.
"გარკვეული პრინციპების გამო, მე და ჩემი მეუღლე, ანუ გაზეთის დამფუძნებლები, უარს ვამბობდით გრანტებსა და სხვადსახვა ინვესტიციაზე. მიუხედავად ამისა, მეც და ჩემი მეუღლეც ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის ჯილდოს, "ოქროს ფრთის~ სხვადასხვა წლის ლაურეატები გახლავართ. ახლა კი ჩემს მეუღლესა და შვილს 2-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მალხაზ გულაშვილი იძულებეული გახდა, სასწრაფოდ განერიდებინა თავისი მცირეწლოვანი შვილი ქალაქიდან. ევროკონვენციის თანახმად, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ იძლევა უფლებას, თავის გადარჩენის მიზნით მიმართო ყველა შესაძლო ხერხს, მამა რთულ გზას გაუდგა და იძულებული გახდა გვიან ღამით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის _ ცხინვალის გავლით, უახლოეს ქვეყანაში, რუსეთში გადასულიყო და შემდეგ შვილიც გადაეყვანა, რაც გარკვეულმა ძალებმა დანაშაულად ჩაუთვალეს და ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის წინააღმდეგ "ექსკლუზიური~ კანონი აამოქმედეს", _ აცხადებს გაგუა.
მისი განცხადებით, მალხაზ და დავით გულაშვილები იდევნებიან საზღვრის უკანონო ჯგუფური დარღვევის გამო.
"იმ საზღვრის, რომელიც არ არის დადგენილი და არც საქართველოს სასაზღვრო რეჟიმი არ ხორციელდება. თბილისში კი, ბედის ანაბარად დავრჩით მე და ჩემი 15 წლის შვილი არჩილი და თავს სრულიად დაუცველად ვგრძნობთ.
ველი თქვენს თანადგომას, გამოხმაურებას, კოლეგიალობას, რათა სამართლებრივი გზით დავაბრუნო სამშობლოში მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი", _ ნათქვამია მიმართვაში.