საქართველომ და კენიის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. კენიის მხრიდან კომუნიკეს ხელი მოაწერა გაეროსთან ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა ზაქარი მუიტამ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ. ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს.
ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ემსახურება ორივე სახელმწიფოს ინტერესებს. ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები იხელმძღვანელებენ ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
ცნობისათვის, კენია ოცდამეთერთმეტე აფრიკული სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს.
სულ, 2010 წელს საქართველომ 18 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. გარდა აფრიკული სახელმწიფოებისა (ბოტსვანა, გამბია, კაბო-ვერდე, კენია, კომორო და ლიბერია), ესენი არიან აზია - წყნარი ოკეანეს რეგიონის (ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულების, ფიჯი და სამოა) და ლათინური ამერიკის (დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, სენტ-ვინსენტი და სენტ-ლუჩია) სახელმწიფოები.
გაეროს 191 წევრი-სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 141-თან.