„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ სახელმწიფო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამასთანავე მიშველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები ასეთივე დიდ ყურადღებას დაუთმობენ და დაინტერესდებიან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებების, ფონდების თანხების ხარჯვის მიზნობრიობით, ტენდერების გამჭვირვალობით.
„კიდევ ერთხელ, გვსურს გამოვეხმაუროთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას და ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ სახელმწიფო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გარდა ამისა ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს კვარტლურ ანგარიშს. ზოგადად, ჩვენ მივესალმებით ასეთ ინტერესს ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან და მოხარული ვართ, რომ პარლამენტი ააქტიურებს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რისკენაც პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებდათ. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები ასეთივე დიდ ყურადღებას დაუთმობენ და დაინტერესდებიან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებების, ფონდების თანხების ხარჯვის მიზნობრიობით, ტენდერების გამჭვირვალობით და ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამ თემებთან დაკავშირებით არსებობს მედიასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა.
პრეზიდენტმა 2015-2016 წლებში 7 პროექტი დააფინანსა. მათგან ყველაზე მეტი, 282 ათასი ლარი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპა) გადაეცა პროექტისთვის “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”.