„პრეზიდენტის აზრით, საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს. მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევის ფაქტები.
აღიმართა ე.წ. ბანერები, ორიოდე დღის წინ ოკუპანტებმა მორიგი ხნული გაავლეს სოფელ ყარაფილასთან და ეს ყოველივე ხდება რუსეთის სამხედრო წვრთნების ფონზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტი, კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ვითარებას და წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ სახელმწიფოთა ურთიერთობების ყოველგვარი ცივილური პრინციპების უგულვებელყოფას. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიშველაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.
„ მოგეხსენებათ, დღეს ასევე კენჭი ეყრება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთისადმი, მათ შორის საქართველოში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. პრეზიდენტი მიესალმება ამ ინიციატივებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. საქართველოს პრეზიდენტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალეროვან წვრთნებს – “ღირსეული პარტნიორი 2017”, რომელიც საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. წელს წვრთნებში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა საქართველო. ეს წვრთნები მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ასეთი მასშტაბური წვრთნების საქართველოში ჩატარება და მასში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას NATO-სთან, ასევე ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის”, - განმარტა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.