თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მშენებლობის კანონის გამკაცრების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან.
"მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. ობიექტს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბადეები ჰქონდეს და ხარაჩოები შესაბამისად აწყობილი იყოს. თუმცა სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები მათ მიერ დასაქმებულის ინტერესებს გაუფრთხილდნენ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.