საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და ქართულმა გენეალოგიურმა საზოგადოებამ დაიწყეს ერთობლივი პროექტი, რომელიც სხვადასხვა არქივში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საფუძველზე ქართული გვარების გენეალოგიის შედგენას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება გამოცემათა სერია.
ცნობილი გენეალოგი, ქართული გენეალოგიური საზოგადოების დამფუძნებელი, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი იური ჩიქოვანი ამ ეტაპზე იკვლევს ქართლის ხუთი გვარის - ამირეჯიბების, თარხან-მოურავების, ფალავანდიშვილების, მაღალაშვილებისა და თუმანიშვილების გენეალოგიას. გამოცემაში შესული იქნება, აგრეთვე, მოკლე ცნობები ამ გვარების წარმომადგენელთა ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რომელიც კომენტარების სახით დაერთვება გენეალოგიურ ნუსხებს.
გამოცემაში გენეალოგიურ სქემებსა და კომენტარებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ისტორიული მიმოხილვა ზემოთჩამოთვლილი გვარების შესახებ, ბიბლიოგრაფია და ანბანური საძიებელი, ასევე, ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივში დაცული, დასახელებული გვარების ცნობილი წარმომადგენლების ფოტოები.