გუდაუთაში რუსი ტურისტის მკვლელობის გამო აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ადიღეში ვიზიტი გადადო. რაულ ხაჯიმბა გუდაუთაში ჩავიდა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მკვლელების დაკავების ოპერაციას აფხაზეთის დეფაქტო შს მინისტრი ასლან კობახია ხელმძღვანელობს. ოპერაციაში ვეტმფრენები ჩართეს, თუმცა თავდამსხმელების ადგილ-სამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
1984 წელს დაბადებულ ანდრეი კაბანოვს სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენეს. ტურისტების ჯგუფს თავს მდინარე ააპსტასთან ორი შეიარაღებული პირი დაესხა. კაბანოვმა მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის სასიკვდილოდ დაჭრეს. თავდამსხმელებმა მისი ცოლი და ორი ბავშვი გაიტაცეს, რომლებიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს.