ერთიან ეროვნული გამოცდის პირველ სესიაზე საქართველოს მასშტაბით 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, რამდენიმე დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდა.
"ის აბიტურიენტები ვინც გამოცდაზე დაგვიანებით მივიდნენ კონკურს გამოეთიშნენ, თუმცა წინა წლებთან შედარებით დაგვიანების შემთხვევის წელს ძალიან ცოტაა", - განაცხადა მიმინოშვილმა.
ეროვნული გამოცდების მერე სესია ქართულ ენისა და ლიტერატურაში 14:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ წელს გამოცდებში 9 მსჯავრდებულიც მონაწილებს, რომელიც ბადრაგის თანხლებით გამოცდების ჩასაბარებლად მიიყვანეს.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი" ბანკის საცავებიდან დღეს, 06:30 საათზე მოხდა. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანეს.
08:00 საათზე კი საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე - პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1300 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული, საიდანაც უმაღლეს სასწავლებლებში 30 ათასი ჩაირიცხება. გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს _ზოგად უნარებს, ქართული ენას და ლიტერატურას და უცხო ენას _ დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. ეს საგნებია: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია.
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებზე შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტური.
ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.