დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნუგზარ ნაჭყებიას მხარდასაჭერად ახალგაზრდული მოძრაობა "7 ნოემბერი" საპროტესტო აქციას გამართავს.
მოძრაობის ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, "7 ნოემბერი" ნაჭყებიას პოლიტიკური ნიშნით დევნას აპროტესტებენ, რადგანაც მან ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალება არ შეასრულა. ამის გამო კი ნაჭყებიას პოლიტიკური ნიშნით დევნა უკვე 4 წელია მიმდინარეობს.
სასამართლოსთან ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქცია 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის ნუგზარ ნაჭყებიას პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება 2006 წელს ნაჭყებიას წინააღმდეგ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას. კერძოდ, პროკურორ დავით კორძაიაზე ზეწოლას.
თუმცა, როგორც ნაჭყებია ამტკიცებს, მასზე ზეწოლას პირიქით გამომძიებლები და შსს-ს მაღალჩინოსნები ახდენდნენ და გამოძიება მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დაიწყეს, რადგან შსს-ს მოთხოვნა არ შეასრულა და ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ აქტი არ დაწერა, რომელმაც ვანო მერაბიშვილი ოს სეპარატისტებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ბიზნესში ამხილა.
საქმე ოთხი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ნუგზარ ნაჭყებია ამ დროისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების ქვეშ იმყოფება.