"ქრისტიან-დემოკრატები" შიშობენ, რომ 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 270-ზე მეტი კომპანია ლიკვიდაციას გამოაცხადებს და 4 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩება. ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემა შეექმნებათ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას მცირე კომპანიებს ლიცენზიების აღებისას. მისი განმარტებით, რამდენიმე თვის წინ მიღებული ცვლილების თანახმად, აღნიშნული ლიცენზიის ასაღებად კომპანიას უნდა ჰქონდეს საბანკო გარანტია 50 ათასი ლარის ოდენობით. ახვლედიანი თქმით, ამ სფეროში 300-მდე კომპანიაა დაკავებული და აქედან აღნიშნული ვალდებულების შესრულება 30-მდე კომპანიას შეუძლია. დანარჩენები კი ლიცენზიის აღებას ვერ შეძლებენ და ლიკვიდაციას გამოაცხადებენ.
"თითო კომპანიაში დასაქმებულია 15-20 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი წლიდან 4 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩება", _ აცხადებს ახვლედიანი და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას სთავაზობს, რომ საბაჟო კოდექსში აღდგენს ძველი ნორმა, რომლის თანახმად, კომპანიას საბანკო გარანტიის პარალელურად შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს ამავე ოდენობის ფინანსური რისკის სადაზღვევო პოლისი. ამასთან, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში "ქრისტიან-დემოკრატები" ახორციელებდნენ მოლაპარაკებებს მთავრობასთან და სადაზღვევო კომპანიებთან და ისინი მზად არიან დააზღვიონ აღნიშნული რისკები.
"ვაცხადებთ რომ ამისთვის მთავარი არის პოლიტიკური ნება და მას შემდეგ რაც ფინანსური მონიტორინგის სააგენტო ეროვნულ ბანკში გადავიდა აღნიშნულის განხორციელება სრულიად შესაძლებელი იქნება", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.