ვალდებულებების გადავადებისათვის ეკონომიკის სამინისტროს ორმოცდაათამდე კომპანიამ მიმართა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საბოლოო გადაწყვეტილებას თუ ვის რა ვალდებულებები გადაუვადდება და რა პერიოდით, ამას მთავრობა გადაწყვეტს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე რამოდენიმე პროექტის ინიცირება მოხდება და მინისტრთა კაბინეტი ამა თუ იმ ინვესტორის სახელშეკრულებო ვალდებულებათა დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს.
წლის დასაწყისში ~სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ~ კანონში ცვლილება შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის და/ან გადახედვის თაობაზე სახელმწიფო ქონების მყიდველებს უფლება ქონდა ეკონომიკის სამინისტროსათვის 2010 წლის 1-ელი ივლისამდე მიემართა.
იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობების შეცვლას, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო იხილავს ინვესტორის განცხადებას და უგზავნის მას მთავრობას.
საკითხის განხილვის შემდეგ მთავრობა პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ქონების მის მიერვე დადგენილი პირობების გადახედვისა თუ შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, პირობების შეცვლაზე ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს