საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც იმ ხარვეზებს შეავსებს, რაც მსოფლიო ბანკის რეიტინგში იყო ასახული.
ღვალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით მე-11 ადგილი დაიკავა, არსებობს მთელი რიგი ხარვეზები, ბიზნესის განვითარების კუთხით, რაც ღვალაძის თქმით, ახალ კანონპროექტში ჩაიდება.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს კომპანიების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ღვალაძის თქმით, ეს ცვლილება კომპანიის ლიკვიდაციის საკითხს გააადვილებს.
"ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიო ბანკის რეიტინგში, მე-11 ადგილი ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი ჩამორჩენა იყო ბიზნესის დახურვის თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის ინიციატივით მომზადდა შესაბამისი ცვლილებები გადახდისუუნარობის კანონში. გარდა ამ კანონისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი კომპანიის რეგისტრაციის თვალსაზრისით. რეგისტრაცია კომპანიების გადადის საჯარო რეესტრში, რაც კომპანიის ლიკვიდაციის საკითხს გააადვილებს. ეს კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება გადახდისუუნარობას, ამ კანონპროექტების მომზადებისას გათვალისწინებული იქნა ექსპერტების მოსაზრება, სასამართლოების მოსაზრება, სადაც უშუალოდ მომდინარეობს გაკოტრების პროცედურები. აუქციონის ჩატარების პროცესები გამარტივდა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია სოციალურ სფეროში, რაც მუშა-მოსამსახურის ხელფასებს ეხება", _ აცხადებს ღვალაძე.