სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვლადიმერ ვარძელაშვილი მონაცემთა ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა ახალგაზრდაზე. ამის შესახებ განცხადება ვარძელაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს მინისტრობის ახალი კანდიდატების პროგრამებისა და მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმის მოსმენა. ვარძელაშვილის თქმით, ახლად შექმნილი სამინისტროს პრიორიტეტი იქნება საქართველოს ახალგაზრდებზე ინფორმაციის თავმოყრა.
"საუბარია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ანუ იმ ძლიერ რესურსზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქვეყნის შიგნით და გარეთ", - აცახდებს ვარძელაშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტის პროგრამით საქართველოდან ასეულობით ახალგაზრდაა წასული სასწავლებლად საზღვარგარეთ და ამ რესურსის უკან ინტეგრირება არის საჭირო. ამისთვის ვარძელაშვილი საჭიროდ მიიჩნევს საკანონმდებლო ბაზის შექმნას და აღნიშნავს, რომ "აუცილებელია არსებობდეს სპორტისა და ახალგაზრდობის შესახებ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებებს და სფეროებს".
"განათლების მინისტრთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ: სკოლებში დავაბრუნოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულება. ახალგაზრდობას მცირე ასაკშივე უნდა შევუწყოთ ხელი, რათა მიეჩვიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს", - აცახდებს ვარძელაშვილი.