საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა ორივე მხარისთვის ეკონომიკურად სასარგებლო იქნება. საფრთხე კი არ იარსებებს.
როგორც ვაშაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშუალოდ რუსეთთან არ მიმდინარეობს და ეს სომხეთის შუამავლობით ხორციელდება.
"ქართული მხარე ელაპარაკება სომხეთს როგორც შუამავალს და სომხეთი ელაპარაკება რუსულ მხარეს. ამ საკითხზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც სუფთა ტექნიკურ ასპექტებს უკავშირდებოდა. ლარსის გახსნა სასარგებლო იქნება ეკონომიკურად საფრთხე კი არავითარი არ იარსებებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით არც ერთი მხარე რაიმე კონკრეტულ პირობებს არ აყენებს და არც ხელშეკრულებისთვის ემზადება.
"ჩვენ სომეხი მეგობრების შუამავლობით უბრალოდ ვადგენთ რომელ მხარეს როგორ წარმოუდგენია ამ პუნქტის ფუნქციონირება", - განუმარტა ჟურნალისტებს ვაშაძემ.