მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა "პარტნიორები განათლებაში" ერთობლივი პროექტის "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" ფარგლებში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვეს.
როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება, ასევე ამოქმედდება ახალი ვებპორტალიwww.buki.ge, სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები, სკოლებში მიმდინარეობს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების პროცესი.
კონფერენცია კონკურსის ფორმატში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის რეფორმირება, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება, Iჩთ ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების გაცნობა.
გამოვლინდა ორი გრან-პრის მფლობელი პროექტი - დაწყებით საფეხურზე ერთი და საბაზო /საშუალო საფეხურზე ერთი; ამავე საფეხურების ორი პედაგოგი პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მეორე ადგილი ოთხმა პედაგოგმა გაინაწილა, მესამე ექვსმა, სულ 14 პრიზიორი გამოვლინდა.
"ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამ ეტაპად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ინფორმაციული მენეჯერები მონაწილეობდნენ.