თბილისის ბაღ-პარკების გადარჩენისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვისათვის აუცილებელია საზოგადოებამ უფრო აქტიურად გამოხატოს პროტესტი. ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს, რუსთაველის მეტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
აქცია კონსერვატიულმა პარტიამ და მოძრაობა "შემოგვიერთდიმ" გამართეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება საკრებულოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების მოთხოვნით.
"თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს მიიღო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც "დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში" შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა მიხედვით თბილისში არსებულ 47 ბაღს, პარკსა და სხვა გამწვანებულ ტერიტორიას მოეხსნა რეკრეაციული ზონის სტატუსი, რითაც დაკანონდა მათი განადგურება მშენებლობის განხორციელებისთვის," - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე განცხადებით, 22 ოქტომბერს საკრებულოს ჩაბარდა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ამ ორგანოს 11 სექტემბრის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება.
"დღეს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თბილისის მოქალაქეთა შორის ხელმოწერების შეგროვება და მოქალაქეთა გამოკითხვა დაიწყო, რაც მიზნად ისახავს იმ ადამიანთა აღნუსხვას, რომლებიც მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის გადარჩენის სამოქალაქო კომიტეტის ფორმირებაში, რომელთა მიზანი იქნება დედაქალაქის ეკოლოგიური, ასევე ისტორიულ-არქიტექტორული გარემოს დაცვა ხელისუფლებისა და ოლიგარქიული სამშენებლო მაფიის შემოტევისგან," - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ხელმოწერების შეგროვება მოძრაობა "შემოგვიერთდის" წევრებმა დაიწყეს.
"მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, შემოგვიერთდეს. ერთად დავიცვათ ჩვენი გარემო, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენს ჯანმრთლობასა და მომავალს. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები ძალიან პასიურობენ. მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, ამ თემის გარშემო მაინც დადგეს ჩვენს გვერდით, - განაცხადა მოძრაობა "შემოგვიერთდის" თავმჯდომარემ თიკო ნიბლოშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.