დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმეზე მოწმეების ჩვენებებს არ ენდობიან და არათანმიმდევრულს უწოდებენ. მათი თქმით, არ არსებობს ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ციანიდის ამოღება.
"ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყებამ ჩაატარა ვიდეოზეა ასახული. მაშინ როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ვგულისხმობ ხელბარგის მიტანას, ეს არ გადაუღიათ. ის ვიდეოკამერები, რომელიც შემთხვევით აფიქსირებდა არ ამოუღიათ. ამ ბარგის ამოღებაზე ორივე მოწმე სხვადასხვაგვარად ყვება ფაქტობრივ გარემოებებს. ბარგის პროკურატურაში მიტანა დიდი ხნის მერე მოხდა. შესაძლებელია სხვა ვინმეს ჰქონოდა შემხებლობა. ბარგში რაიმე აკრძალული ნივთის მოთავსება მოსალოდნელი იქნებოდა. მოწმეები აღწერდნენ, როდესაც მამაომ ამოიღო ეს ნივთი შემთხვევით გადმოვარდაო. ისინი ამბობენ, რომ მამაო იყო გაოცებული და გაკვირვებული. ხომ შეძილებოდა ვიდეო გადაეღოთ როცა ჩვენებებს იწერდნენ დეტალურად. ვიდეოკამერა იმ ტერიტორიაზეა და ამოეღოთ ჩანაწერი, რათა საშუალება მოგვცემოდა შეგვეფასებინა", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა პაატა მეხვრიშვილმა.
რაც შეეხება სამის პროკურორს, მან განაცხადა, რომ აეროპორტში, ბრალდებულმა თავად ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული.
„ბრალდებულმა გაიარა რეგისტრაცია, ჩააბარა ბარგი და ამ თანამშრომლების თვალწინ ამოიღეს უმოკლეს დროში ბარგი. ბარგი შემოწმდა, არ ჰქონდა დაზიანება. გახსნილი არ იყო და ამ თანამშრომლების თვალწინ დაილუქა. არავითარი მანიპულაცია ბარგზე არ მომხდარა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბარგში აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. თავად ბრალდებულმა ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურში მას ჰქონდა დამალული საწამლავი, რადგან აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით გაეარა ამ ნივთიერებას. საბედნიეროდ, ეს ნივთიერება გადმოვარდა თავსახურიდან და გამომძიებელმა აიღო. დალუქვა მოხდა აეროპორტში. ფიზიკურად შეუძლებელია ლუქის გაჭრის გარეშე რამე მოთავსებულიყო. ამას ადასტურებს ფოტოსურათები. მთელი პროცესია დასურათებული, რა საჭიროება იყო ვიდეომასალის? სურათები გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ, რომ დაზიანებული არ იყო. ბრალდებულს სურდა ეს „დეზოდორი“ მალულად გაეპარებინა, მაგრამ შემთხვევით გადმოუვარდა, ეს ყველამ იხილა", - განაცხადა წიკლაურმა.