“94-ე მუხლი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას”, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„ჩვენი აზრით, სრულიად ცხადია, რომ 94-ე მუხლი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას - წარმომადგენლობითობით კანონშემოქმედებასა და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას. ამიტომ ვთვლით, რომ ამ ცვლილების გადადებისთვის მიზეზი არ არსებობდა.
ვინაიდან მიგვაჩნია, რომ 94-ე მუხლის დატოვება წინა რეჟიმის მიერ შექმნილი, ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკის ინერციაა, მის შესაცვლელად ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ. ეს ბრძოლა და მუშაობა რა ფორმით წარიმართება, ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ. სავალუტო ფონდმა შეთანხმებაშიც კი, რომელიც მან საქართველოს მთავრობასთან დადო, პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს ხელს უშლის სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკურ და ფისკალურ სფეროში. ვფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, კონსტიტუციურ პროექტში საუბარია საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებაზე და გარდამავალ დებულებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზის, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.