უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მე-2 მოსმენით განიხილვისას, საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალი დებულებიდან ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებული ჩანაწერის ამოღება მოითხოვა.
ნაცვლიშვილმა აღნიშნული დებულება 94-ე მუხლის ამოღებას შეადარა.
„ჩვენ რომ ვითხოვდით 94-ე მუხლის ამოღებას, ეს ეკონომიკურად არამხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ, კონსტიტუციის სულისკვეთებას, როგორც დოკუმენტის, ეწინააღმდეგება. შეიძლება მოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, არ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მოიპოვოს უმრავლესობა. რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება, იმიტომ ვერ განახორციელოს ის რა პოლიტიკის განხორციელებაც უნდა. დაახლოებით იგივეა, რომ გაიმარჯვოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ან ნეიტრალიტეტი უნდა ან რაღაც ფორმა უნდა საგარეო პოლიტიკის განხორციელების. როგორ უნდა განახორციელოს ეს პოლიტიკა თუ ამას ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერთ? ვინმე უბადრუკი ოპოზიციის წარმომადგენელი თუ იტყვის, რომ მე რაღაც პრორუსული განწყობებით გამოვირჩევი, მე მგონი არავინ არ იტყვის, მაგრამ ამაზე არ არის, წმინდა კონსტიტუციის პრინციპს, როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსი ავუსახოთ, ე.ი. ვრიცხავთ ყველა იმ პარტიას, რომელიც ამ პრინციპს არ ექვემდებარება და არ უჭერს მხარს, რამდენად დემოკრატიულია ეს?"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განმარტა, რომ გარდამავალ დებულებებში საგარეო კურსის ასახვას იურიდიული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„არის ქვეყნები, სადაც პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი აირჩიეს. საქართველოში იგივე, რომ მოხდეს ამ შემთხვევაში იმის ორიენტაცია შეიძლება თუნდაც იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ამაზე უამრავი მსჯელობა გვქონდა. პრეამბულაში ამის ჩაწერაზე იყო საუბარი, რაც იურიდიული ნონსენსი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს გვთავაზობდნენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში აგვესახა იმისთვის, რომ შესაბამისი იურიდიული ჩარჩო მოგვეფიქრებინა“, - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალი დებულების მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის ყველა ზომა უნდა მიიღონ.