პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ინტერესდება, "რატომ ღირს საქართველოში წიგნები ასეთი ძვირი". ეს საკითხი მიხეილ მაჭავარიანმა დღეს, რიგგარეშე სესიაზე ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვისას დასვა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში წიგნების ფასები ძალიან მაღალია და ამის მიზეზებით ინტერესდება.
"ორი წიგნი რომ გინდოდეს, მაღაზიაში სულ მცირე 20 ლარი უნდა დატოვო. ვერ გავიგე ქაღალდი ღირს ძვირი, თუ რატომ არის ასეთი ფასები~, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში წიგნებზე მაღალი ფასების მიზეზი წიგნის პატარა ბაზარია. გაბაშვილის თქმით, ევროპაშიც წიგნებზე მაღალი ფასებია.
"სუსტი არგუმენტია, ევროპაში ყველაფერი იბეგრება და ევროპაში წიგნების სიძვირეც ამით არის განპირობებული. მე მაინტერესებს, ქართული პირობების გათვალისწინებით, ჩვენთან წიგნები ასეთი ძვირი რატომ არის~, - მიმართა გაბაშვილს მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ახალ საგადასახადო კოდექსს ამ წუთებში განიხილავს და დღეს პირველი მოსმენით მიიღებს, ხოლო კოდექსს საბოლოოდ მიმდინარე წლის 7 ივლისამდე დაამტკიცებს, ხოლო ძალაში კოდექსი 1-ლი იანვრიდან შევა.