ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელის, რატი მაისურაძის განცხადებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფოს სტრატეგიაზე შემუშავებული სამოქმედო გეგმა ის დოკუმენტია, რომელსაც მისი პარტია 100 პროცენტით ეთანხმება. როგორც მაისურაძემ უშიშროების საბჭოს დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ უშიშროების გაფართოებულ სხდომაზე აღნიშნულ პოზიციას დააფიქსირებს.
"ეს არის ერთადერთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა და ქრისტიან-დემოკრატები 100 პროცენტით ვეთანხმებით, მეტიც: მიგვაჩნია, რომ ამ გეგმის გარშემო ყველა ქართული პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და თავისი ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესები გვერდით გადადოს", - აღნიშნა მაისურაძემ.
სხდომის დაწყების წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავირთან ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში საპარლამენტო ოპოზიციის გარდა უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან, სადაც რამდენიმე წუთში უშიშროების გაფართოებული სხდომა დაიწყება. სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაუძღვება. უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაზე შექმნილი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოხდება.