მის სიცოცხლესთან დაკავშირებით, სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის ან დადასტურება, ან უარყოფა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის იოსებ ოსორაულის საქმეზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის თაობაზე საქმის კურსშია ოსორაულის ოჯახი.
„იოსებ ოსორაული არის ჩვენი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა კონგოში და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ აღმოჩნდა ტყვეობაში. ფაქტიდან დახლოებით ორი თვის შემდეგ შეატყობინეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამის შემდეგ ჩვენ ყოველდღიურად ჩართული ვართ ამ პროცესში. მე პირველ რიგში მინდა, გავიზიარო ის შეშფოთება, როგორც ოჯახის წევრების, ასევე ახლობლების, იმ საზოგადოების, რომელიც დაინტერესებულა ჩვენი მოქალაქის ბედით. მის სიცოცხლესთან დაკავშირებით, სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის ან დადასტურება, ან უარყოფა. საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა და დგამს ყველა ნაბიჯს პარტნიორებთან, მათ შორის კონგოსთან, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაერო, წითელი ჯვრის კომიტეტი და სხვები. განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამ ვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მხარესთან“, - განახცადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის შესაძლო დაღუპვის შესახებ, მოხდა კომუნიკაცია მის მეუღლესთან, ნინო ოსორაულთან, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკითხებზე.
„ოჯახთან ურთიერთობა ამ დრომდე არ შეწყვეტილა, მუდმივად ხდება მათი ინფორმირება. გარკვეულ ეტაპზე ვრცელდებოდა ინფორმაცია გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის თაობაზე. საზოგადოებაში აღნიშნულ თემაზე საუბარი დღემდე გრძელდება, შესაძლოა, ეს ვიწრო ინტერესებსაც უკავშირდებოდეს. მინდა, გადაჭრით ვთქვა, მას შემდეგ რაც საქმეში ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც ერთ დონეზე, არც ერთ მოლაპარაკებებზე არ დამდგარა გამოსასყიდის საკითხი“, - განაცხადა ჯანელიძემ პარლამენტის რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე.