რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, არხანგელსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი მოლჩანსკის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება მიიჩნევს, რომ მოლჩანსკის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო, დატაცებულია 50 მილიონი რუბლი, რომელიც ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის იყო შეგროვებული.
"გამოძიების ინფორმაციით, მოლჩანსკიმ ცხინვალის # 5 სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხის ხარჯვის დროს არაკეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა. არამიზნობრივად დახარჯულია და ფაქტობრივად დაკარგულია 50 მილიონ რუბლზე მეტი თანხა, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად შეგროვდა", _ იუწყება რუსული მედია.