"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აშშ-ში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა. ამის შესახებ კირთაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ლეიბორისტებმა" ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაზე დასწრებით, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.
კირთაძისვე განცხადებით, იგი ნიუ-იორკში შეხვდა და სამომავლო თანამშრომლების გეგმები დასახა ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიტიკოსებთან როგორებიც არის გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ავსტრია, შვედეთი ფინეთი და სხვა.
"მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სიამოვნებით აღნიშნავდნენ, რომ მათ გვერდით გამოჩნდა საქართველო და "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", რომელმაც დაიწყო სვლა მსოფლიო თანამეგობრობის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან ერთად", - განაცხადა კირთაძემ.
მანვე, საბერძნეთის პრემიერ, გიორგი პაპანდრეუსთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბერძნეთის პრემიერს ათასობით ქართველის შეფარებისა და სამუშაო პირობების შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაზე, სადაც გლობალური ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის საკითხები განიხილებოდა, "ლეიბორისტული პარტია" სოცინტერნის გენერალურმა მდივნმა, ლუის აიალამ მიიწვია.
საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს სხდომა ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში 21-22 ივნისს გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების "ლეიბორისტული", "სოციალ-დემოკრატიული" და "სოციალისტური" პარტიების ლედერები.