"საქართველოს გზის" საკრებულოს წევრი ნათელა მაჭავარიანი ხელისუფლებას უნარშეზღუდულ პირების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა დღეს, პეკინისა და ყაზბეგის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე გადასასვლელ ხიდთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. ასევე "საქართველოს ღვთისმშვილთა კავშირის" პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე და უნარშეზღუდული მოზარდები.
"ინვალიდებისთვის არ თუ არ არსებობს ადაფტირებული ცხოვრების გარემო. დღეისთვის არა თუ სოციალურად სრულფასოვნად არსებობა არ შეუძლიათ, არამედ პრობლემები აქვთ ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამის მაგალითად მინდა წარმოგიდგინოთ ეს უსახური ხიდი, რომელშიც დახარჯულია მილიონები და მათი მეშვეობით გადაადგილება წარმოუდგენელია არა თუ ინვალიდებისთვის, არამედ - მოხუცებისთვისაც ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ინვალიდებისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტში ადგილები, ხელსაყრელი მიწისქვეშა გადასასვლელები არ არსებობს.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მისი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ინვალიდთა უფლებების დაცვა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა იქნება.