საპარლამენტო უმრავლესობა "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნის შესრულებას "ზოგადადმინისტრაიცულ საქმეთა კოდექსში" ცვლილების არშეტანასთან დაკავშირებით არ იზიარებს. ამის არგუმენტად კი მოჰყავთ, რომ სასამართლო განხილვისას არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფოს პოზიციები წინასწარ იყოს ცნობილი. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
საპარალმენტო უმრავლესობა ოპოზიციის მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, თუმცა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ლაშა თორდია ყველა კითხვის საპასუხოდ მხოლოდ ერთ ფაქტორს ასახელებს და ეს არის ის, რომ მისი თქმით, "როდესაც საქმე სახელმწიფო დავას ეხება სახელმწიფო პოზიციებზე საჯარო დოსკუსიები არ უნდა გაიმართოს", ვინაიდან თორდიას განმარტებით, სასამართლო განხილვისას არ არის მიზანშეწონილი, რომ სახელმწიფო პოზიციები წინასწარ იყოს ცნობილი.
შეგახსენებთ, "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, რომ პარლამენტმა არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს "ზოგადადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსში" იმ ცვლილების შეტანას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს აღარ ექნებათ უფლება გაეცნონ საჯარო ინფორმაციას, რომელიც თავს მოიყრის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში და დაკავშირებული იქნება საერთაშორისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოებში დავების წარმოებასთან. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები თავად ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახა ანჯაფარიძე არიან.