ხვალ, 29 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე ბრიტანელ კოლეგას უილიამ ჰეიკს შეხვდება, სადაც მხარეები ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ რიგ საკითხებს განიხილავენ.
"ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის პირველი ვიზიტი, მას შემდეგ რაც არჩევნები გაიმართა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მთავრობა დევიდ კემერონის ხელმძღვანელობით. ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც დიდი ბრიტანეთი არის ჩვენი მეგობარი და ძალიან აქტიური მოკავშირე ქვეყანა", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მისისვე შეფასებით, ამის გათვალისწინებით აუცილებელია დიდი ბრიტანეთის ახალ ხელისუფლებასთან დიალოგის აქტიურად გაგრძელება.