ბერლინის კიდევ ერთი მცდელობა, ინჯირლიკის ავიაბაზაზე გერმანელი დეპუტატები შეეშვათ, უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებებს თურქეთის პირველ პირებთან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აწარმოებდა, თუმცა თურქული მხარისგან დღეს საბოლოო უარი მიიღო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა ინჯირლიკის ბაზა დატოვონ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბერლინს ჯერ არ მიუღია, თუმცა ინჯირლიკის ბაზიდან გერმანული კონტინგენტის დისლოცირებაზე გერმანულმა მხარემ მოლაპარაკებები შესაძლოა იორდანიასთან აწარმოოს. ამ დროისათვის ინჯირლიკის ბაზაზე 260 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. თურქეთის ხელისუფლება გერმანელ დეპუტატებს მათი ნახვის უფლებას არ აძლევს. ამის მიზეზად ანკარა გერმანიის მიერ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი თურქი სამხედროებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას ასახელებს.