დღეს, 28 ივნისს, ბათუმში (სასტუმრო ვერა-პალასი) ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის (Black SeacBC) პროგრამის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და ერთობლივი და რეგიონალური პროექტების განხორციელების გზით შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამა ადგილობრივი წარმომადგენლობების, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს და შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს: ტურიზმის განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურულ და საგანმანათლებლო სექტორში თანამშრომლობა, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელების განვითარება.
პროგრამა აერთიანებს შავი ზღვის აუზის 10 ქვეყანას: საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.
პროგრამის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ათივე ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ევროკავშირის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
შეხვედრაზე იგეგმება მომავალი პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცედურების, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და პროგრამის 2010-2011 წლების სამოქმედო გეგმის ფორმირების საკითხების განხილვა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული პროექტების შერჩევის ეტაპი. სექტემბრის ბოლოს იგეგმება პირველი კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და მისი განხორციელების დაწყება.