უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი 11 ივნისიდან ამოქმედდება. ევროკავშირის რეგულაციის თანახმად, ბიომეტრიული პასპორტის მქონე უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტების სავიზო ვალდებულების გარეშე განხორციელებას.
უკრაინამ ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო. ორგანიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში პროცესის გაჭიანურების მიზეზად შიდა ინსტიტუციონალურ მოლაპარაკებებს ასახელებდა. თუმცა იყვნენ ორგანიზაციის ისეთი წევრებიც, რომლებისთვისაც კორუფციის წინააღმდეგ უკრაინაში გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ იყო.
ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩაიწერა, რომ მიგრაციის გაზრდის შემთხვევა შესაძლებელია უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მიზეზად იქცეს. გამკაცრებული წესების მიხედვით, ევროკომისიამ ყოველწლიური ანგარიში უნდა მოამზადოს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე მეტი უკრაინელი მიგრანტი პოლონეთმა მიიღო და ეს იმ დროს, როდესაც პოლონეთის მთავრობა სირიელი ლტოლვილების შესახებ დაწესებულ სავალდებულო კვოტირების წინააღმდეგია.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, პოლონეთს მილიონზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა თავი. 2015 წელს ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობისთვის უკრაინის მოქალაქეებზე 330 000 დოკუმენტი გაიცა, რაც 50%-ით აღემატება 2013 წელს ანუ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ სტატისტიკას.
უკრაინაში არსებული არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდეგ კარგად გამოჩნდება.
2014-2015 წლებში, უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, 15-ჯერ მეტი იყო. საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინის 14 000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირში თავშესაფარი, რაც თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2,2%-ს შეადგენს.
უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, კიევსა და ბრიუსელში სპეციალური ღონისძიებებია დაგეგმილი. 13 ივლისს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლება, ევროპელ პარტნირებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებებს, მინსკის შეთანხმებას და ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს განიხილავს.