28-30 ივნისს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 19 მაისს დაამტკიცა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია"-ს ფარგლებში გაიმართება, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროგრამა სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, საჯარო პრეზენტაციების, იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრებს ითვალისწინებს.
ღონისძიებაზე, რომელიც 28 ივნისს, 10.30 საათზე გაიხსნება მოწვეულნი არიან დევნილთა წარმომადგენლები რეგიონებიდან, სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.