26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" - ერთად 12:00 საათზე წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით აწყობს მანიფესტაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.
შეკრების ორგანიზატორები განათავსებენ ბანერს წარწერით: "არ აწამო". ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს სოლიდარობა წამების მსხვერპლთა მიმართ. შეკრების მონაწილეები 13:00 საათისთვის გადაინაცვლებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიისწრაფვის წვლილი შეიტანოს წამების პრევენციის და მისი აღკვეთის საქმეში. ამ მიზნით, ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ყურადღების მობილიზებას წამების პრობლემებთან დაკავშირებით. 2010 წლის 26 ივნისს საია ასევე გეგმავს საქართველოში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციას, სადაც ასახულია ბოლო პერიოდში მომხდარი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ასევე ამ კუთხით არსებული სისტემური ხასიათის გამოწვევები და მიღწევები.