ხვალ, 26 ივნისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დიდი ლილოს ტერიტორიაზე პარაპლანელთა საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, პარაპლანელთა ფესტივალი საქართველოში გერმანიის ტექნიკური საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით პირველად იმართება და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წელს ეძღვნება.
ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის პროფესიონალ მფრინავებთან ერთად მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მოყვარული პილოტები მიიღებენ. კერძოდ, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან და ბრიტანეთიდან.
ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. გამარჯვებულ სპორტსმენებს სპეციალური ჯილდოები, მედლები და სერტიფიკატები გადაეცემათ.