27 ივნისს, 12:00 საათზე, დმანისში გაიმართება დმანისის მახლობლად აღმოჩენილი 1.8 მილიონი წლით დათარიღებული მოზარდის რეკონსტრუირებული მულიაჟის პრეზენტაცია.
2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის ნაშთებმა ფრანგ მოქანდაკეს, ელისაბედ დენისს საშუალება მისცა შეექმნა მოზარდის სხეულის სრული ფიგურა, რომელსაც დავით ლორთქიფანიძე და ელისაბედ დენისი დმანისის მუზეუმში წარმოაიდგენენ.
დმანისის პალეოანთროპოლოგიური კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე სრული და მდიდარია მსოფლიოში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დმანისში ჰომინიდების 4 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და სხვადასხვა ცხოველის ნაშთებია აღმოჩენილი. დმანისის აღმოჩენებმა სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.
2009 წლიდან დამთვალიერებელს დმანისის განახლებული მუზეუმი მასპინძლობს. ის პირველი მუზეუმია საქართველოში, რომელიც არქეოლოგიური გათხრების უბანზეა გამართული. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოს, გახდეს ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე და მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ.
პრეისტორიული გოგონას მულიაჟის, ისევე როგორც მზიასა და ზეზვას ნახვის საშუალება დამთვალიერებელს მეზეუმში 27 ივნისიდან მიეცემა.