"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლის დემონტაჟის ფაქტს აპროტესტებს და ძეგლის აღების ფორმას გაუგონარ ვანდალიზმს უწოდებს. შესაბამისი განცხადება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ლეიბორისტმა" კახა ძაგანიამ გააკეთა.
"ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიური მდივნის განცხადებით, სტალინის ძეგლი საქართველოს ისტორია და კულტურული მემკვიდრეობაა, ამიტომ მისი აღების უფლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა. ძაგანიამ პარალელები თალიბანთან გაავლო და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თალიბანის რეჟიმში გადავიდა.
"მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა მეორე მსოფლიო ომის მომგები, სტალინის ძეგლის დემონტაჟი. ეს არის გაუგონარი ვანდალიზმი. სააკაშვილის ხელისუფლება უკვე თალიბანის რეჟიმში გადადის", - განაცხადა ძაგანიამ.
"ლეიბორისტებმა" ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტების ცემის ფაქტიც დაგმეს და შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდეს.