ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რომ გაზპრომმა რუსული გაზის ტრანზიტის ღირებულება _ 228 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
"ჩვენ ოფიციალურად ვადასტურებთ: გადახდა მიღებულია. თანხა გადმორიცხულია. შესაბამისი დოკუმენტები აღნიშნულის თაობაზე გაგვაჩნია. გადახდილი თანხა 228 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს" - განაცხადა ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-მდივანმა ლუდმილა ზენკოვიჩმა.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური მინსკი ტრანზიტის განაკვეთში 1, 88 დოლარს მოითხოვს, რაც გასული წლის ორი თვისა და მიმდინარე წლის 5 თვის მიხედვით 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქვეყნის ვიცე-პრემიერის ვადიმ სემაშკოს განცხადებით, მინსკი შეამცირებს ევროპაში გაზის ტრანზიტს გადახდის პროპორციულად.
გაზპრომის მიერ გადახდილი 228 მილიონი შეადგენს ბელორუსის მიერ მოთხოვნილი თანხის 87 პროცენტს. შესაბამისად, გაზის მიწოდება სავარაუდოდ 13 პროცენტით შემცირდება.