საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო იყო არის და მომავალშიც იქნება მზად რუსეთთან ამომწურავი დიალოგის წარმოებისათვის. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს გააკეთა.
"ჩვენის მხრივ, მიუხედავად ყველანაირი მუქარით აღსავსე ტონისა და რიტორიკისა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველო ყოველთვის იყო არის და იქნება მომავალში მზად აწარმოოს ამომწურავი დიალოგი რუსეთთან თითქმის 500 ათასი, თავისი სახლიდან გამოდევნილი ჩვენი მოქალაქისა და ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომავლობის ადამიანის საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო ასევე მზადაა აწარმოოს ამომწურავი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს დეოკუპაციისა და ყველა მიმართულებით სრულფასოვანი ფართომასშტაბიანი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის თაობაზე.