ჩვენ მივესალმებით, იმას, რომ გუშინ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება იმას რაც დღეს საქართველოში ხდება. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართული ბრიფინგის დროს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის კომენტირებისას.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის დროს "ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ოფიციალურ დონეზე ამ შეხვედრის შემდეგ".
"პირველად ასეთ დონეზე ოფიციალურად აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მოიხსენიეს რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოში როგორც ოკუპაცია და ჩვენი რეგიონები როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს ტერმინი ძალიან იშვიათად ყოფილა გამოყენებული საერთაშორისო პრაქტიკაში.
"ოკუპაცია როგორც ასეთი, ტერმინი ნიშნავს სრულიად კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს და ძალიან იშვიათად ყოფილა გამოყენებული საერთაშორისო პრაქტიკაში _ ისევე როგორც იშვიათია ისეთი თავზეხელაღებული ქმედება რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ამიერიდან როდესაც საუბარი იქნება სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებაზე "ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე ზუსტად არის ჩამოყალიბებული რომ საქართველოს საქმე აქვს ოკუპაციასთან და რუსეთის ჯარები საქართველოში ოკუპანტებს წარმოადგენენ".