საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკა რურუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გორში სტალინის ძეგლის აღების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გორის მთავარი მოედნიდან საბჭოთა დიქტატორის, ტირანის, იოსებ სტალინის ძეგლის აღების თაობაზე და მის ადგილას მთლიანად ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალის გახსნისა.
"სტალინი იყო ადამიანი, პოლიტიკური დამნაშავე ვინც 1921 წელს შემოუძღვა საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას, რომელმაც განახორციელა საქართველოს ოკუპაცია, რომელიც შემდეგ 70 წელი გაგრძელდა.
სტალინი იყო ადამიანი, ვინც შექმნა ეთნიკურ დაყოფაზე დამყარებული მახინჯი ავტონომიები, რომლებიც დღესაც უქმნიან საქართველოს უდიდეს ბარიერს მისი თავისუფლების, დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში.
სტალინი იყო ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ბევრი მეზობლის, ბევრი მოკავშირე ერების საუკეთესო ნაწილები გაანადგურა. სულ რამდენიმე გვარის მოყვანა არის საკმარისი რომ გაგვახსენდეს ამ აბსურდული, სადისტური გაუგონარი პოლიტიკის მსხვერპლთა შესახებ", _ განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ აღნიშნა, რომ სწორედ მის პოლიტიკას ემსხვერპლა მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე და უამრავი ის ქართველი, ვინც წარმოადგენდა ქართველი ერის ელიტას, დაწყებული იუნკერებით, ვინც დაეცნენ საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წელს კოჯორში დამთავრებული ყველა იმ ადამიანით ვინც შემდეგ სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებში დაამთავრა თავისი სიცოცხლე.
"ერთი მხრივ გვქონდეს გმირთა მოედანზე მემორიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და მეორე მხრივ გვქონდეს სტალინის ძეგლი, როგორც ძეგლი, არის ყველაზე ახირებული და ძალიან გაუგებარი დაუდევრობა. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი თანამედროვე თავისუფალი ერი ასეთ საბჭოთა მახინჯ კერპებს თავისუფალ საქართველოში არ აქვს ადგილი", _ განაცხადა ნიკა რურუამ.