საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ გორში სტალინის ძეგლის ადგილას მთლიანად ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება.
"აქ იქნება როგორც 2008 წელს დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების, ქართველი თუ არაქართველი ადამიანების ქანდაკება და მათ შორის ეს მემორიალი მიეძღვნება ერთ-ერთ დაღუპულ ჰოლანდიელ ჟურნალისტს, რომელიც სწორედ ამ ადგილას იქნა მოკლული რუსული ავიაციის მიერ და იმ ტანკების და იმ იარაღის მიერ რომელიც სწორედ სტალინის პოლიტიკას იცავდნენ 2008 წელს საქართველოში. იცავდნენ იმ მახინჯ ავტონომიას რომელიც დღესაც საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე არის ასეთი სერიოზული ბარიერი", _ განაცხადა მინისტრმა და სურვილი გამოთქვა, რომ ამ მემორიალის შექმნის კონკურსში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ქართველმა არამედ უცხოელმა ხელოვანებმა და სკულპტორებმა მთელი თავისუფალი სამყაროდან.
"მინდა ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ბევრმა ხელოვანმა და სკულპტორმა არა მხოლოდ ქართველმა არამედ მთელი მსოფლიოდან და თავისუფალი სამყაროდან. ამასთან იმედს გამოვთქვამ, რომ გაიმარჯვებს საუკეთესო ქანდაკება რომელიც სამუდამოდ მიეძღვნება ამ პოლიტიკური აბსურდის, ექსპერიმენტის საბოლოოდ დასამარებას როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კულტურის სამინისტროს თანხმობით გადაიტანა სტალინის დემონტირებული ძეგლი მისი მუზეუმის ტერიტორიაზე.
"დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს თუ როგორ აწოდებდა საბჭოთა დიქტატორი თავის იმიჯს ყველა საკუთარ მოქალაქეს. ეს არის ერთის მხრივ საინტერესო და ისტორიულად მნიშვნელოვანი ფაქტი, იმისათვის, რომ სწორედ დიქტატურა, ტირანია და ტოტალიტარიზმი აღარასდროს აღარ განმეორეს საქართველოში და არც მის საზღვრებს გარეთ", _ დასძინა მინისტრმა.