წუხანდელმა სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი და წვიმა ახლდა კახეთი კიდევ ერთხელ დააზარალა. გურჯაანის რაიონის 6 სოფელში განადგურებულია ნათესები, ხეხილის ბაღები, ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ეზოები.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ადიდებული მდინარე ახლატის ხევი საცხოვრებელ სახლებში შევარდა, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და დახოცილია შინაური ფრინველი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოვარდნილმა წყალმა მათი საკვები პროდუქტებიც გაანადგურა.
სეტყვის გამო წუხელ მოძრაობა პარალიზებული იყო გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მოგლეჯილმა ხეებმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
რთული მდგომარეობაა თელავის რაიონშიც. სოფლებში წინანდალსა და კონდოლში საცხოვრებელი სახლების გარდა, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები.
პრობლემები შეიქმნა ელექტრომომარაგების მხრივაც. დენის გარეშეა დარჩენილი გურჯანიის, თელავის, ახმეტისა და საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილი.
დილიდან კახეთში აღარ წვიმს, თუმცა რეგიონში ყველა მდინარე ადიდებულია.
დაზარალებულ რაიონებში შექმნილია კომისიები, რომლებმაც ზარალის დათვლა დაიწყეს.
წინასწარი პროგნოზით, საქართველოში უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.