„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით“ - განაცხადა ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. მან პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულზე მუქარად შეაფასა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით, ანუ პერსონალური ინფორმაციით - ეს არის შანტაჟი. მისი პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი ოჯახი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არც დევს“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
დღეს „ციანიდის საქმის“ განხილვა გაიმართა. მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როდესაც პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, არსებობს დეკანოზთან დაკავშირებული ინტიმური ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა და დაკავებულის პირადი ინტერესის დაცვის მიზნით მოითხოვეს სხდომის დახურვა.