"რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ამ ფაქტში პოლიციას ადანაშაულებს. მისი თქმით, ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის მოქმედების გამო დაიღუპა.
"სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედებას, კიდევ ერთი ახალგაზრდა, 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
წუხელ, დაახლოებით 4-5 საათზე, გამთენიისას საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია ა|მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. რომელმაც, მძღოლს ა|მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.
ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები.
შს-მინისტრი, პენტჰაუსის ტიპის საცხოვრებელში, ბიუჯეტიდან იხდის თვეში 7 ათას ლარს, ხოლო საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი ,,ზღარბი პოლიციელებით", რომელიც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ა|მანქანის გაჩერება და დამრღვევ ა|მანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას " - წერს კუპრავა სოციალურ ქსელში.