ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 29 მარტს დაიწყო დაიწყო კვლევა, რომლის მიზანიც ქართული ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურის, პრეპარატების რეგისტრაციის პრაქტიკის, პრეპარატების ხარისხის, საფასო პოლიტიკის და სხვა მრავალი საკითხის გარკვევა გახლავთ. კვლევა ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა "აფბა"-მ უკვე გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შუალედური შედეგები, რომლის მიხედვითაც კომპანია "ავერსი" და ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი" არცთუ დადებითი კუთხით არის წარმოჩენილი. კომპანია "ავერსის" ხელმძღვანელებისთვის მუშაობის მთავრი პრინციპი ყოველთვის მაღალი ხარისხი გახლდათ. კომპანია "ავერსი" ამაყობს, რომ მისი საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. "ავერსმა" სწორედ ამ მოტივაციით გადაწყვიტა "აფბა"-ს კვლევის შედეგებს დასაბუთებული პასუხი გასცეს.
"ბრალდება: მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების სერტიფიკატები. ამ ქვესათაურის ქვეშ კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ "ავერსი_რაციონალის" საწარმოს არ გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შესაბამისად, "აფბა"-ს კვლევა ეჭვქვეშ აყენებს "ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხს. ამ ბრალდების საპასუხოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ არსებობის 5 წლის მანძილზე "ავერსი-რაციონალმა" უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი და ჯილდო მიიღო. მათ შორის: "ISO 9001", რომელიც საწარმოს გერმანელი ექსპერტების "TUV INDUSTRIE SERVICE"_სგან ჯერ კიდევ 2006 წლის დეკემბერში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიენიჭა", _ ნათქვამია "ავერსის" განცხადებაში.
"GMP და FDA სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატები. რომლებიც საწარმომ 2008 წლის დეკემბერში მიიღო. ეს სერთიფიკატი იმავე გერმანელი ექსპერტების მიერ 2 წლიანი მუშაობის შემდეგ მიენიჭა "ავერსი_რაციონალს". ეს გახლავთ მსოფლიოში ფარმაცევტული წარმოების ორი ყველაზე მაღალი სტანდარტი (ევროპაში ეს არის GMP და ამერიკაში - FDA. იშვიათია ფარმაცევტული საწარმო, რომელსაც გააჩნია ორივე, ევროპული და ამერიკული საერთაშორისო სერთიფიკატები. ეს სერთიფიკატები კონტროლდება ყოველწლიური შემოწმებით და ამ სტანდარტიდან გამომდინარე "ავერსი-რაციონალს" არ აქვს უფლება წამლის რომელიმე კომპონენტი: ნედლეული, შესაფუთი მასალა და ა.შ. შეიძინოს ისეთ კომპანიაში რომელსაც არ აქვს იგივე სერთიფიკატი. 2010 წლის 20 მაისს კი საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატამ "ავერსი-რაციონალს" გადასცა ჯილდო, როგორც წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ნაყოფიერ ბიზნესწარმოებას", _ აღნიშნავენ "ავერსში".
მათი განცხადებით, "ავერსი-რაციონალის", ამოცანა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნაა. საწარმოს ტექნიკური აღჭურვის, კადრებით დაკომპლექტებისა თუ ნედლეულის მომწოდებელთა შერჩევის დროსაც პრიორიტეტული მუდამ ხარისხი იყო .
"შესაბამისად "ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხიანობის ეჭვქვეშ დაყენება საწარმოსთვის შეურაცხმყოფელია", _ აცხადებენ "ავერსში.
"ბრალდება : იმპორტირებული მედიკამენტების დასამზადებელი მასალების საეჭვო ხარისხი. ამ ბრალდების ქვეშ, აფბა-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული საწარმოები, და მათ შორის კომპანია "ავერსი-რაციონალი", მედიკამენტებს კი არ აწარმოებს, არამედ მზა სახით შემოაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უმეტესწილად კი ინდოეთიდან, ხოლო ინდური წამლების დაბალი ხარისხი საქვეყნოდაა ცნობილიო. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ინდოეთი მალე ფალსიფიცირებული მედიკამენტების დედაქალაქად იქცევა და შესაძლოა ფალსიფიცირებული მედიკამენტები საქართველოშიც მოხვდეს, რადგან ამის გაკონტროლების მექანიზმი ჩვენთან არ არსებობსო.
ამ ბრალდების საპასუხოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ მთელს მსოფლიოში ფარმაცევტული ნედლეულის 95 პროცენტზე მეტი ინდოეთსა და ჩინეთში იწარმოება და აგრეთვე ისეთი ცნობილი და გიგანტური ფარმაცევტული კომპანიებიც კი, როგორებიცაა: "პფაიზერი", "გლაქსოსმიტკლაინი", "სანოფი-ავენტისი", "ბაიერ-შერინგი", "მერკი" და სხვანი ნედლეულს ხშირად სწორედ ინდოეთიდან იღებენ. ამავე დროს მათ საკუთარი საწარმოებიც აქვთ ინდოეთში, რადგან იქ მუშახელი ბევრად იაფია, ეკოლოგიური და სხვა გადასახადები არის ძალიან დაბალი და პროდუქციის წარმოებაც შედარებით იაფი ჯდება. "აფბა"-ს მტკიცებით კი გამოდის, რომ ამ ფარმაცევტულ კომპანიათა ნაწარმის ხარისხიც ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში.
"ავერსის" წარმომადგენელთა განცხადებით, არაკომპეტენტურია ყველა ის პირი, ვინც წამლის ხარისხს ქვეყნის მიხედვით განსაზღვრავს, ვინაიდან წამლის ხარისხი მხოლოდ საწარმოს დონით განისაზღვრება
"რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანია "ავერსი-რაციონალს"_საწარმო აღჭურვილია მსოფლიო დონის დანადგარებითა და აპარატურით. აქ მომუშავე პერსონალი შერჩეულია მრავალეტაპიანი ტესტირებისა და გამოცდების საფუძველზე. ყველა მედიკამენტი, რომელიც საწრმოში მზადდება, თუ იფუთება გადის მრავალეტაპიან შემოწმებას და მხოლოდ მას შემდეგ გამოდის დღის სინათლეზე, როდესაც მისი მაღალი ხარისხი ყველა საზომით დასტურდება. შესაბამისად, დაბალი ხარისხის და მით უმეტეს ფალსიფიცირებული მედიკამენტის მოხვედრა "ავერსი-რაციონალიდან" ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შეუძლებელია. კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ჯანიაშვილმა ერთ-ერთ რადიო ეთერში ისიც აღნიშნა, რომ "საქართველოში მედიკამენტები ერთ დიდ ტაბლეტად შემოდის და ჩვენთან მხოლოდ მისი გადანაწილება ხდებაო", _ აღნიშნავენ ისინი.
"ბრალდება სახელწოდებით - ქართული ფარმაცევტული ბაზრისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გაუგებარი ფაქტი. ამ სათაურქვეშ "აფბა"-ს კვლევაში მედიკამენტების ფასებზეა საუბარი. კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ კომპანია "ავერსის" აფთიაქებში, "ავერსი-რაცონალის" ნაწარმოები წამლები თურმე იმაზე ძვირად იყიდება, ვიდრე "პე-ეს-პე"-ს აფთიაქებში. გთავაზობთ ციტატას: "აფბა"-ს მტკიცებით, "ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული წამლები "პე-ეს-პე"-ში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე თავად "ავერსის" აფთიაქებში. ხშირად ფასში განსხვავება 60 თეთრიდან, ლარამდე მერყეობს". ნათქვამის დასადასტურებლად კვლევაში "პე-ეს-პე"-სა და "ავერსის" "პრაის-ლისტიდან" ამოკრეფილი მონაცემებია მოყვანილი. მაგალითებად გამოყენებულია მედიკამენტები "აისოლი", "ადაპტოლი", "ბაუმე" და ა.შ.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. კვლევაში მოყვანილი ფასები და "პე-ეს-პე"-ს პრაის ლისტის იმავე პერიოდის ფასები ერთმანეთს არ ემთხვევა: მაგ: "ბაუმეს" ფასი არის - 6.95 ლარი, "ადაპტოლი" - 8.94 და 13.5 ლარი, "აისოლი" - 27 ლარი და ა.შ. ამავე დროს პრაის ლისტისა და სააფთიაქო ქსელში არსებული ფასები ხშირად განსხვავებულია ხოლმე. სინამდვილეში დღეისათვის "ავერსი-რაციონალის" მიერ წარმოებული პრეპარატი "აისოლი" "ავერსის" აფთიაქებში 28.70 ლარი ღირს. იგივე პრეპარატის ფასი "პე-ეს-პე"-ში - 28.85 ლარია. "ადაპტოლის" ფასი "ავერსში" 14.37 ლარია - "პე-ეს-პე"-ში კი 14.46 ლარი, რაც შეეხება "ბაუმეს", "ავერსში" იგი შეგიძლიათ 7.40 ლარად შეიძინოთ, "პე-ეს-პე"-ს ფასი კი 7.42 ლარია. ამასთან, "ავერსის" მთელ რიგ აფთიაქებში მოქმედებს ნებისმერ მედიკამენტზე 22%-იანი ფასდაკლება. ასე რომ ზემოთ აღნიშნულის და სხვა უამრავი პრეპარატის შეძენაც "ავერსში" საკმაოდ დაბალ ფასადაც შეუძლია მომხმარებელს", _ აღნიშნულია "ავერსის" განცხადებაში.
მათი განცხადებით, კვლევაში ისიცაა აღნიშნული, რომ "ავერსს", "პე-ეს-პე"-სა და "ჯი-პი-სი"-ის ფასები თითქმის იდენტურია.
" კვლევაში ისიცაა აღნიშნული, რომ "ავერსს", "პე-ეს-პე"-სა და "ჯი-პი-სი"-ის ფასები თითქმის იდენტურია. ფასდაკლებაც ერთსა და იმავე დროს ცხადდება და ფასების მომატებაც ერთსა და იმავე დროს ხდება. რაც ამ კომპანიებს შორის მერკანტილურ გარიგებების ალბათობაზე მიუთითებსო. როგორც ჩანს, კვლევის ავტორებს დაავიწყდათ, რომ ჯერ კიდევ კვლევის დასწყისში "ავერსს" ბრალს დებდნენ, თქვენს აფთიაქებში "ავერსი-რაციონალის" წამლებს "პე-ეს-პე"-სთან შედარებით 0.6 - 1 ლარით ძვირად ყიდითო. თუ ფასებს შორის სხვაობა 3 თეთრს არ აღემატება (რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს) საინტერესოა ლარამდე სხვაობა საიდან მოვიდა? ანდაც, თუ კვლევის ავტორები ჯანსაღი კონკურენციის მომხრეები არიან, რატომღა ეწინააღმდეგებიან "ავერსსა" და "პე-ეს-პე"-ს ქსელში მედიკამენტებზე თითქოსდა არსებულ სხვაობას?" - აღნიშნავენ ავერსში."ბრალდება: ქართული წარმოების მედიკამენტების, "ჯენერიკების" ფასი მათი ორიგინალების იდენტურია და რამდენიმე შემთხვევაში უფრო ძვირიც კი. კვლევის ავტორებს ვერ გაუგიათ, თუ რატომ ღირს ერთი და იგივე ფასი როგორც ორიგინალი წამალი, რომლის შექმნასაც 1.7 მილიარდი დოლარი სჭირდება და მისი "ჯენერიკი", რომლის შექმნაზეც არანაირი კვლევის სერტიფიკატის აღება არ არის საჭირო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა არ იყოს დაგვაბნია, სრულიად შეუსაბამოდ გამოყენებულმა სიტყვა "ჯენერიკმა". ჯენერიკი გახლავთ პრეპარატის უნივერსალური დასახელება, მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტის სახელწოდება და არა სიტყვა "ანალოგის" სინონიმი. როგორც კვლევაშია გამოყენებული. თუმცაღა, შინაარსიდან გამომდინარე მივხვდით, თუ რას გულისხმობენ კვლევის ავტორები. ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ ამ ბრალდების უსაფუძვლობაში. მაგალითისთვის მოვიყვანთ ჰოფმან ლა როშის წარმოებულ პრეპარატ "როცეფინს", რომლის ჯენერიკიც ცეფტრიაქსონი გახლავთ. ამ პრეპარატის 1 გრამიანი ფლაკონის ღირებულება 16.1 ლარია. იგივე ჯენერიკის მქონე პრეპარატს სახელწოდებით "რაციოცეფს" "ავერსი რაციონალიც" უშვებს, თუმცაღა ამ შემთხვევაში 1 გრამიანი ფლაკონის ღირებულება მხოლოდ 4.22 ლარია", _ აღნიშნავენ "ავერსში".
მათი განცხადებით, წამლების ფასები ზოგიერთებისათვის მოსახლეობის თვალში ქულების დასწერად კარგი სასპეკულაციო თემაა.
"თუმცა, უკეთესი იქნება, სანამ დანაშაულში ამხელენ ჯერ თავად გაერკვნენ კარგად სისწორეში, დაეკითხონ თავად ფარმაცევტულ კომპანიებს და შემდეგ მოახდინონ ინფორმირება. ეს ხომ მოსახლეობის მოტყუებაა და საწყენია, როცა ზოგიერთი ჟურნალისტი ამას აშუქებს და თავად არ ეძიება სიმართლეს. დავავამატებ იმასაც, რომ "აბფამ" პიარისთვის ძალიან კარგი თემა აირჩია, უბრალოდ, ვისაც ანალიზი შეუძლია ყველა მიხვდება, რომ, მსგავს განცხადებებს არ შეიძლება ენდოს მომხმარებელი",_ აღნიშნავენ "ავერსში".