ალჟირის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა რაფიკ საიფიმ აშშ-ის წინააღმდეგ დასრულებული მატჩის შემდეგ (0-1) თანამემამულე ქალ ჟურნალისტს სახეში სილა გააწნა, რომელმაც ხელის დარტყმითვე უპასუხა. ამის შესახებ "ევროსპორტი" იუწყება.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მარცხისგან გაბრაზებულ ფეხბურთელს ალჟირელმა ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება სთხოვა. შემთხვევას რამდენიმე ადამიანი შეესწრო, რომლებიც იხსენებენ, რომ დარტყმის შემდეგ გაბრაზებულმა ფეხბურთელმა წყლის ბოთლი მიწაზე დაახეთქა.
"მისთვის არაფერი მითქვამს, იგი მოვიდა და დამარტყა. მეც ვუპასუხე", - განაცხადა დაზარალებულმა ჟურნალისტმა.
ალჟირის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური პირები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. დაზარალებული ჟურანლისტი სასამართლოში საქმის აღძვრას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებმა აშშ-სთან 0-1 წააგო, რის შედეგადაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. ზემოხსენებული რაფიკ საიფი მატჩში შეცვლაზე შევიდა და ბოლო 5 წუთი ითამაშა.