საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აფხაზეთის მიერ ჟენევის მშვიდობიანი ფორმატის მოლაპარაკებებიდან გამოსვლის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა სოხუმს მოსკოვმა უკარნახა და ეს იმ კლოუნადის გაგრძელებაა, რომლის რეჟისორიც რუსეთია. ამის შესახებ ვაშაძემ დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, აფხაზები დამოუკიდებლად ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. მისი თქმით, რუსეთმა მოახერხა და აფხაზები დარცენილი ერთადერთი მშვიდობიანი ფორმატის მოლაპარაკებების პროცესიდანაც გამოიყვანა.
"რუსეთმა მიაღწია ეუთო-ს გასვლას საქართველოდან, საქართველოში ეუთო-ს მისიის შეწყვეტას, შეძლო გაეროს ჩამოშორებაც. ახლა მან გადაწყვიტა შეაფერხოს ერთადერთი მშვიდობიანი ფორმატი, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა ვაშაძემ.
იქვე, ვაშაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში არც არასდროს მონაწილეობდა.
"სხვათა შორის, აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტად ჟენევის მოლაპარაკებებში არასდროს მონაწილეობდა. მხოლოდ აფხაზეთის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობდა გარკვეულ მოლაპარაკებებში", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, სერგეი ბაღაფშის თანაშემწის ნადირ ბიტიევის ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა ჟენევის დისკუსიები დროებით დატოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჟენევის პროცესის უშედეგობა და დასავლელი მოდერატორების არასწორი განწყობა.
" დროებით ვტოვებთ ჟენევის მოლაპარაკებებს, ვინაიდან ხელშესახებ შედეგს დღემდე ვერ მივაღწიეთ. ძალიან ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ბიტიევმა.