საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ინფორმაცია მარგინალური ოპოზიციისა და ვენაში დაბუდებული კრიმინალების თანამშრომლობის შესახებ შესაბამის ქართულ სტრუქტურებს ადრეც ჰქონდათ, ამიტომ მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ გაჰკვირვებიათ. ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ შპინდელეგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ვაშაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე მას უკვე ჰქონდა საუბარი ავსტრიის შესაბამის სტრუქტურებთან. მისივე თქმით, ავსტრიელმა სამართალდამცავებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ინფორმაციამ დროზე ადრე, სასამართლო პროცესამდე გაჟონა.
"მარგინალურ ოპოზიციასა და კრიმინალებს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ამიტომ ეს არ გაგკვირვებია. მე ვესაუბრე ავსტრიის შესაბამისი სტრუქტურების თანამშომლებს და მათ სინანული გამოთქვეს, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ პრესაში დროზე ადრე გაჟონა", - განაცხადა ვაშაძემ.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. შპინდელეგერის განცხადებით, იგი სათანადოდ ინფორმირებული არ არის, ამიტომ აპირებს შეხვდეს ავსტრის შს მინისტრს.
"ვაპირებ შევხვდე ავსტრიის შს მინისტრს, თუმსგავსი ინფორმაცია მართლაც არსებობს ავსტრიის პოლიციის ხელთ, ის აუცილებლად გადაეცემა საქართველოს", - განაცხადა შპინდელეგერმა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, გერმანულმა გაზეთმა "Frankfurter Rundschau" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში, სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა საქართველოს შსს-ში ერთ-ერთი მაღლაჩინოსნის დახმარებით იგეგმებოდა. ამასთან, ქართველი კრიმინალი ლაშა შუშანაშვილი საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის პროვოცირებას გეგმავდა.