ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებმა. საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას პოლონელმა და ლიტველმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. პოზიტიურად შეფასდა 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც.
"ცალსახად დაფიქსირდა ის, რომ საქართველო რჩება ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ პარტნიორად, ის რომ ბუქარესტის ვალდებულება ძალაშია და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი და ელჩები ისევე როგორც გენერალური მდივანი იყვნენ ძალიან პოზიტიური იმ რეფორმების შეფასებისას, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს განსაკუთრებით ინტენსიურად ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოვისმინეთ ძალიან კარგი შეფასებები საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით", _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.