რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"როგორც კი საქართველოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება დარწმუნებული ვარ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება იქნება", _ განაცხადა მედვედევმა აშშ საზოგადოებრივი და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ოს რეგიონსაც შეეხო.
"რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ამისადმი შესაძლოა სხვა და სხვა მიდგომები იქნეს გამოყენებული", _ განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, ვიღაც მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილებია და ისინი საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ.
"ასეთი თვალსაზრისი რა თქმა უნდა შესაძლებელია. არის ასევე სხვა თვალსაზრისი. იგი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ორი ტერიტორიის საერთაშორისო აღიარების შემდეგ მათ გაუჩნდათ თავისი, საერთაშორისო სუბიექტის უფლება", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ასეთი მაგალითები კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ბევრია.
"ეს რუსეთის ფედერაციის თვალსაზრისია. ასეთია სიტუაცია", _ დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები "დრამატულად ცუდია".
"და ეს ჩვენი ბრალეულობით არ არის, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია თავის მოქალაქეებს და თავის ინტერესებს იცავდა. სამწუხაროდ, ამან ძალიან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, მაგრამ მე ძალიან მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. მეტიც, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება იმიტომ რომ უბრალოდ მეზობლებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და რომლებსაც ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ სხვა გამოსავალი არა აქვთ", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა და დასძინა, რომ საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს როდის მოხდება.
"ვერ ვხედავ შანსებს ამის გაკეთებისა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ იგი ცუდად მოიქცა, ხოლო იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ მან დანაშაული ჩაიდინა. მისი პასუხისმგებლობის საკითხი კი არა რუსი არამედ ქართველი ხალხის წინაშე უნდა დაისვას", _ განაცხადა მედვედევმა.